გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი 2025 წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ
ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები – გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი 2025 წელს პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პარიზში, ვაიმარის სამკუთედის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, სამ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს, რომელთა შორისაც იყო ერთობლივი წვრთნები პოლონეთში.
„ვაიმარის სამკუთხედის ალიანსი რეალობად იქცევა“, – აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებმა გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სამხედრო დახმარებაში ნატო-ს კოორდინაციის როლის გაძლიერებისათვის.
„უკრაინის დასავლური მისწრაფებები მაქსიმალურად რეალურია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ. იმისთვის, რომ ეს იქცეს რეალურად და შესაძლებელად, უკრაინამ უნდა მიაღწიოს წარმატებას, ის ახლა ძლიერი უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ წარმატებულები რუსეთთან ბრძოლაში“, – აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.