გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2,5 მილიონ ევროს გამოუყოფენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად
გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2,5 მილიონ ევროს გამოუყოფენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა, ევროკავშირის შეხედულებაა, რომ ჰააგის სასამართლო არის საუკეთესო ადგილი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების გასასამართლებლად. ნიდერლანდების მთავრობამ სასამართლოსთვის ერთი მილიონი ევრო გამოყო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა უკრაინაში გამოძიების დაწყების შესახებ მარტის დასაწყისში განაცხადა. მას შემდეგ უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი არაერთი სისასტიკე გამოვლინდა, მათ შორის მასობრივი სამარხები ქალაქ ბუჩაში და კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმა, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.