17 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “ლუჟნიკი“. დასაწყისი – 19:00 საათი
მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)
17 ივნისს, ტიტულის დაცვას იწყებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები. მისი მეტოქე F ჯგუფის მეორე ფავორიტი – მექსიკის ნაკრებია.
მექსიკისთვის ეს მე-16 ჩემპიონატია და არასოდეს ეს გუნდი მეოთხედფინალზე შორს არ წასულა. გერმანია მე-19 მუნდიალს თამაშობს და შეეცდება მეხუთედ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.
აღვნიშნავთ, რომ მექსიკამ უპრობლემოდ მოიგო კონკაკაფ-ის შესარჩევი ტურნირი. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიაზე, თან იოახიმ ლიოვის გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ყველა ევროპულ გუნდს შორის.
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში ორივე გუნდს ჰქონდა პრობლემები: გერმანიამ წააგო ავსტრიასთან და მინიმალური სხვაობით მოუგო საუდის არაბეთს. ბოლო ერთ წელიწადში ჩატარებულ ამხანაგურებს თუ ავიღებთ, გერმანიამ ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე, 2 წაგება). თავის მხრივ, მექსიკამ აჯობა შოტლანდიას, მაგრამ წააგო დანიასთან და ფრედ ითამაშა უელსთან.
მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ მექსიკის ნაკრები საკმაოდ ხანდაზმული გუნდია – საშუალო ასაკი 29 წელს შეადგენს. ასევე მექსიკელთა რიგებშია ამ ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (იგულისხმება წინა ხაზის მოთამაშეები) – რაფა მარკესი 39 წლისაა.
ურთიერთშეხვედრები
მომავალი მატჩი მეექვსე იქნება ამ გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში. გერმანიამ სამჯერ მოუგო მექსიკას, კიდევ ორჯერ ფრედ ითამაშა. სხვათა შორის, ბოლო მატჩი მათ შარშან, რუსეთში კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ჩაატარეს და მსოფლიოს ჩემპიონმა 4:1 გაანადგურა “მწვანეები”.
საინტერესო ფაქტები
– გერმანიის ნაკრები რვა მატჩია არ მარცხდება მსოფლიოს ჩემპიონატზე.
– გერმანელებს არასოდეს წაუგიათ მსოფლიოს ჩემპიონატებზე კონკაკაფ-ის წარმომადგენლებთან.
– გერმანია შვიდ სასტარტო შეხვედრაში გამარჯვებას აღწევდა.
– კიმიხი ერთადერთი ფეხბურთელია გერმანიის ნაკრებში, რომელმაც ყველა შესარჩევ მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყოველთვის ძირითადში იყო).
– კროოსი ლიდერია მატჩში შესრულებული პასების რაოდენობით – 112. ევროპის საკვალიფიკაციოში არც ერთ ფეხბურთელს ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია.
– გერმანია ასევე ლიდერია ბურთის ფლობის მაჩვენებლით – საშუალოდ მატჩში 71 პროცენტი.
– გერმანია ბოლო ხუთი მატჩია “მშრალად” ვერ ინახავს საკუთარ კარს.
– ირვინგ ლოსანომ საკვალიფიკაციოში 4 გოლი გაიტანა და ამისთვის მხოლოდ 9 დარტყმა დასჭირდა.
– საშუალოდ მატჩში, მექსიკა 2.6-ჯერ ხვდებოდა თამაშგარეში. ჩიჩარიტო 15 აღმოჩნდა ოფსაიდში.
– მექსიკამ სტანდარტებიდან 10 გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკაში.
რა თქვეს მწვრთნელებმა
იოახიმ ლიოვი (არგენტინა):
„ყველა მოთამაშე შესანიშნავ ფორმაშია და ისინი მზად არიან მინდორზე გასასვლელად. მეტოქეს მოთამაშეთა კარგი ჯგუფი ჰყავს შეტევით ხაზში, განსაკუთრებით, ფლანგებზე. ჩვენს განაპირა მცველებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ მათ გასანეიტრალებლად. ისინი მოძრავი და სწრაფი მოთამაშეები არიან და სერიოზულ ხიფათს წარმოადგენენ”.
ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა):
„დარწმუნებული ვარ, გაგვაჩნია შესანიშნავი შანსი იმისთვის, რომ ბრძოლა მოვახვიოთ თავს გერმანიას. მჯერა ჩემი ბიჭების, რომლებმაც უნდა ირწმუნონ, რომ ამგვარი შესაძლებლობა არსებობს. ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში”.
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი – ჰექტორი, ჰუმელსი, ბოატენგი, კიმიხი – კროოსი, ხედირა – დრაქსლერი, როისი, მიულერი – ვერნერი.
მექსიკა (4-1-4-1): ოჩოა – გალიარდო, მორენო, აიალა, სალსედო – ერერა – ლოსანო, გუარდადო, ჯოვანი დოს სანტოსი, ველა – ხიმენესი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!