გერმანია ჯგუფში ჩარჩა (ვიდეო)

„F“ ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად მატჩის მოგება ვერ მოახერხა. პარალელურად მიმდინარე მატჩში შვედეთმა მექსიკა 3:0 დაამარცხა და გერმანელებს ჯგუფიდან გასასვლელად მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაც ჰყოფნიდათ.

მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი 25-ე წუთზე სწორედ მის კართან შეიქმნა. მცველის მოგერიებული ბურთი სონს მიუვიდა, რომელმაც ნოიერის კარისკენ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

41-ე წუთზე მაქს ჰუმელსმა კორეელთა საჯარიმოში მიიღო ბურთი და კარისკენ გაუშვა, მაგრამ ჩო ბურთს ადგილზე დახვდა. მეორე ტაიმის სტარტზე თავი კვლავ ჩომ გამოიჩინა, როდესაც გორეცკას შესანიშნავი თავური მოიგერია.

მატჩის ბოლო წუთებზე „ბუნდეს ნაკრებმა“ მეტოქეს შტურმი მოუწყო და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. 87-ე წუთზე ჰუმელსმა ას პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა – საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ვერ მოარტყა და კორეელები აშკარა გოლს გადარჩნენ. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე საჯარიმოს გარედან კროოსმაც დაარტყა და ბურთი ისევ ჩომ მოიგერია. მეორე დამატებულ წუთზე სონის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გაუგებრობა მოჰყვა. ბურთი გერმანელმა მცველებმა არაზუსტად მოიგერიეს და კორეელთა პირველი გოლი კიმმა გაიტანა. მე-6 დამატებულ წუთზე ნოიერმა კარი დატოვა და მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა, გერმანელებმა ბურთი დაკარგეს, სონმა ბურთს მიუსწრო და სამხრეთ კორეელთა მეორე გოლი გაიტანა.

საბოლოო ანგარიში – სამხრეთ კორეა2:0 გერმანია. გერმანია მეხუთე მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ტურნირზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა. „ბუნდეს ნაკრებმა“ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!