გერმანია: ფეხში სროლა, ხელკეტი, ელექტროშოკი – როდის აქვთ პოლიციელებს ძალის გამოყენების უფლება
პოლიციელს ბუდეში უდევს დისტანციური ელექტროშოკური მოწყობილობა TASER 7. ფოტო გადაღებულია დორტმუნდში, 2021 წლის 15 იანვარს.
ხელკეტი, პისტოლეტი, ფარი, ელექტროშოკი – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის თანამშრომლებს სხვადასხვა სახის იარაღის ხმარება შეუძლიათ. თუმცა, დაუფიქრებლად იარაღის გამოყენება დაუშვებელია და კანონით რეგულირდება. რა შემთხვევებში აქვთ პოლიციელებს ძალის გამოყენების უფლება?
სექტემბრის შუა რიცხვებში, ბამბერგის (ბავარია) მახლობლად, რატელსდორფში, მამაკაცი პოლიციელებს დანით ემუქრებოდა. პოლიციის ცნობით, ოფიცრებმა თავდაპირველად წიწაკის სპრეი გამოიყენეს და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ხოლო როდესაც ამ ზომებმა შედეგი არ გამოიღო, 38 წლის მამაკაცს ფეხში ესროლეს.
შსს: ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ყოველთვის „უკიდურესი ზომაა“
„ბავარიის რადიოს“ (BR24) კომენტარების სექციაში, მომხმარებლებმა ეს ინციდენტი, კერძოდ კი პოლიციის მიერ იარაღის გამოყენების ფაქტი დეტალურად განიხილეს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „გამაფრთხილებელი გასროლა, შემდეგ სროლა ფეხში – პოლიციელების მხრიდან სანიმუშო ქმედებაა. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი პოლიციით. აქ კარგად მომზადებული, გაწონასწორებული ოფიცრები მუშაობენ და არა სროლის მოყვარული პირები, როგორც აშშ-ში, ან რეჟიმის კორუმპირებული მსახურები, როგორც რუსეთში“. მეორე მომხმარებელმა კი ეჭვი გამოთქვა: „ელექტროშოკის და ცეცხლსასროლი იარაღი ერთდროულად გამოიყენეს? საინტერესოა…“
„ბავარიის რადიოს“ შეკითხვის საპასუხოდ, ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, მოქალაქების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს. „პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ყოველთვის უკიდურესი ზომაა და მკაცრ სამართლებრივ პირობებს ექვემდებარება. თავდამსხმელისთვის სროლა, მაგალითად ფეხში, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ზომები არასაკმარისია ან აშკარაა, რომ შედეგს ვერ მოიტანს“. ამრიგად, სროლა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
პოლიციის მიერ იარაღის გამოყენება კანონით რეგულირდება
როგორც პოლიციის ფედერალური პროფკავშირის თავმჯდომარე, იოჰენ კოპელკე განმარტავს, საკითხი, თუ როდის აქვთ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა საშუალებების, მაგალითად ხელკეტის ან ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენების უფლება, ფედერალური მიწების კანონებით ან ფედერალური პოლიციის შესახებ კანონით განისაზღვრება.
„პისტოლეტის გამოყენების უფლებისთვის არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძველი: როდესაც გვიწევს თავდაცვა, სიცოცხლის გადარჩენა ან სიცოცხლეს თუ ჯანმრთელობას უშუალო საფრთხე ემუქრება“.
პოლიციელებმა უმოკლეს დროში უნდა გადაწყვიტონ, კონკრეტული ოპერაციის დროს რა მიზანს ისახავენ და რა საშუალებები უნდა გამოიყენონ. კოპელკეს თქმით, ასევე არსებობს მკაფიო აკრძალვებიც. „მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ცეცხლსასროლი იარაღი ხალხმრავალ ადგილებში გამოვიყენოთ. ასევე აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ბავშვების წინააღმდეგ“. პოლიციის პროფკავშირების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პოლიციელები პისტოლეტიდან დაუფიქრებლად არ ისვრიან. „ამას თან ახლავს უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთი, რომელიც ადამიანს თვეებისა და წლების განმავლობაში აწვება“.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია – გერმანიის“ პოლიციის საქმიანობისა და ადამიანის უფლებების ექსპერტის, ფილიპ კრუგერის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციულობის პრინციპის დაცვა. კრუგერის შეფასებით, ეს მოთხოვნა ყოველთვის არ სრულდება და სამართალდარღვევები ამ კუთხით ხშირად ხდება.
რამდენად საშიშია ფეხში სროლა?
რატელსდორფში ჩატარებული ოპერაციის დროს, პოტენციური საფრთხის შემქმნელ პირს პოლიციელებმა, ბოლოს, ფეხში ესროლეს.
ფეხში სროლით გამოწვეული საფრთხის შესახებ მოსაზრებები „ბავარიის რადიოს“ (BR24) კომენტარების სექციაში ორად გაიყო. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ფეხში სროლა აყოვნებს ან აჩერებს მწვავე თავდასხმას! სწორედ ამის მიღწევაა მიზანი და თუ სწორად მესმის, რატელსდორფში მიზანი მიღწეული იქნა!“ სხვა მომხმარებლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და აცხადებენ: „თუ არტერია დაზიანდა, ადამიანი შეიძლება თვალის დახამხამებაში მოკვდეს!“
„ფეხში სროლა საშიშია, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც კი იმის მიუხედავად, თუ რომელი არტერია დაზიანდება“, – ამბობს იოჰენ კოპელკე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პოლიციელებს ზუსტად სროლა შეეძლოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სტრესულ ვითარებაში სროლასა და დამიზნებაში სათანადო მომზადება უნდა ჰქონდეთ გავლილი. სროლაში მომზადების სავალდებულო კურსი პოლიციელებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ და შესაბამისი გამოცდა ჩააბარონ. „ჩვენ გვაქვს სასროლეთები, სადაც ინსტრუქტორები პოლიციელებს სათანადოდ ამზადებენ – ასწავლიან, როგორ იმოქმედონ სტრესულ ვითარებაში, სიბნელეში, კვამლსა და ყვირილში“.
თუმცა „საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენლის, ფილიპ კრუგერის თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ პოლიციელები, კრიტიკულ ვითარებაში, სამიზნეს ყოველთვის ზუსტად მოარტყამენ. მისივე თქმით, ვინაიდან სროლაში მომზადება ხშირად არ ტარდება, ამიტომ არ შეიძლება მოველოდეთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რიგითი თანამშრომლები, მაღალი სტრესის პირობებში, ტყვიის ხელში ან ფეხში მორტყმას ყოველთვის შეძლებენ.
რა ხდება გასროლის შემდეგ? ვინ იძიებს პოლიციელების საქმეს?
მას შემდეგ, რაც პოლიციელი ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებს, იწყება გამოძიება. „თუ ამ პროცესში ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა, ბავარიის მხარის კრიმინალური პოლიციის ოფისის შიდა გამოძიების მე-13 დეპარტამენტის მიერ კომპლექსური შემოწმება ტარდება“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინციდენტის გამოძიება იმ საპოლიციო სამსახურს არ დაევალოს, რომლის თანამშრომელიც შემთხვევის მონაწილეა, გამოძიებას სპეციალიზებული და დამოუკიდებელი ორგანოები ატარებენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას პროკურატურა და შესაბამისი სასამართლო იძლევიან.
თუ არსებობს გამამართლებელი მიზეზები, მაგალითად, აუცილებელი მოგერიება, პროკურორი პოლიციელის წინააღმდეგ დაწყებულ სამართალწარმოებას შეწყვეტს. თუ საქმის გარემოებები გაურკვეველია, საქმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაეცემა და პოლიციელს, მაგალითად, სხეულის დაზიანების ან განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.
„საერთაშორისო ამნისტია“ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების შექმნას მოითხოვს
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან პოლიციელების მონაწილეობით მომხდარ შემთხვევებს ხშირად თავად პოლიციელები იძიებენ. „ეს პრობლემურია, რადგან გარკვეული მიკერძოებულობა ასეთ შემთხვევებში ბუნებრივად არსებობს“, – ამბობს ფილიპ კრუგერი. ამიტომ, „საერთაშორისო ამნისტია“ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების შექმნას მოითხოვს, რაც, კრუგერის განმარტებით, „ნამდვილად ნეიტრალური უწყების“ არსებობას გულისხმობს.