გერმანია ჩეხეთისა და ავსტრიის ნაწილთან საზღვრებს ჩაკეტავს
გერმანია ჩეხეთისა და ავსტრიის ნაწილთან საზღვრებს ჩაკეტავს

გერმანია ჩეხეთისა და ავსტრიის ნაწილთან საზღვრებს ჩაკეტავს. კერძოდ, ქვეყანა ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ფედერალური მიწიდან, ტიროლიდან მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, რისი მიზეზიც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებაა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა ქვეყნის მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების ვირუსის მუტირებულ ზონებად კლასიფიცირებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართა. ეს შეთანხმებულია (გერმანიის) კანცლერთან და ვიცე-კანცლერთან“, – განაცხადა ჰორსტ ზიჰოფერმა.

ახალი შეზღუდვები ძალაში 14 თებერვლიდან შევა. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ტიროლში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამისა და ჩეხეთში ვირუსის ბრიტანული ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთებულია.

ავსტრიის ფედერაციულ მიწაზე, ტიროლში უკვე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მოსახლეობას ტერიტორიის დატოვების უფლება მხოლოდ ვირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენის შემთხვევაში აქვთ. შეზღუდვის დარღვევისთვის 1 450 ევროს ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

ანგელა მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.