გერმანია ბარების, რესტორნებისა და სპორტული დარბაზების დახურვას გეგმავს
გერმანია ბარების, რესტორნებისა და სპორტული დარბაზების დახურვას გეგმავს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, გერმანიაში 4 ნოემბრიდან ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები, შესაძლოა დაიხუროს, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების თანახმად, გერმანიის მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ერთად გასვლის უფლება ექნება. სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები გააგრძელებენ ფუნქციონირებას. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული, ღია იქნება მაღაზიებიც, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობა შეიზღუდება.

ახალი შეზღუდვების მიზანი მოქალაქეებს შორის კონტაქტის შემცირებაა.

გერმანიაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 11 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. უკანასკნელი მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით 463 555 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 10 121 – დაღუპული. ქვეყანაში 327 697 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი