გერმანელი გენერალი - „ოპერაციული გეგმა გერმანია“ უზრუნველყოფს ნატო-სა და საერთაშორისო ჯარების გერმანიის გავლით აღმოსავლეთ ფლანგზე სწრაფად გადაყვანას, რაც რუსეთისთვის კიდევ ერთი სიგნალია
ფრთხილად იყავით, არ გაბედოთ ჩვენზე თავდასხმა, ჩვენ მზად ვართ, – ამის შესახებ გერმანიის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზოლფრანკმა განაცხადა.
გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, „ოპერაციული გეგმა გერმანია“ არსებობს, რათა უზრუნველყოს ნატო-სა და საერთაშორისო ჯარების გერმანიის გავლით რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და მოწესრიგებულად გადაყვანა აღმოსავლეთ ფლანგზე შესაბამის ადგილას. როგორც ზოლფრანკიმა აღნიშნა, ეს ერთი სიგნალია რუსეთისთვის.
„თავდაცვის კონცეფციის გასაგებად, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თავდაცვის საქმიანობა, არ შეიძლება, შეიარაღებული ძალებისთვის აუთსორსინგული იყოს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს საზოგადოება, რომელიც მდგრადია, მტკიცე და რომელსაც ასევე შეუძლია სირთულეების გადალახვა. ამას ასევე უზარმაზარი შემაკავებელი ეფექტი აქვს. როდესაც უკრაინას ვუყურებ, ის სახელმწიფოს სახით ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მასირებული თავდასხმების მსხვერპლი გახდა. გერმანიის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი შემადგენლობით, ჩვენ, დაახლოებით, 182 000 ჯარისკაცი გვყავს, მაგრამ დღეს ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ სამხედრო სამსახური ამის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვა ერები გვაჩვენებენ, თუ როგორ კეთდება ეს: შვედეთი, დანია და სხვა ქვეყნები, რომლებმაც ასევე აღადგინეს სამხედრო სამსახური“, – განაცხადა გერმანელმა გენერალმა.