„გენტმა“ ქვილითაიას წარმატებები უსურვა - ქართველის ტრანსფერი ნიქოზიელებს მილიონი ევრო დაუჯდათ #1TVSPORT
„გენტმა“ ქვილითაიას წარმატებები უსურვა - ქართველის ტრანსფერი ნიქოზიელებს მილიონი ევრო დაუჯდათ #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას, რომელიც კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ნიქოზიასაპოელში“ გადავიდა, ბელგიური „გენტი“ დაემშვიდობა.

„გიორგი ქვილითაია ნიქოზიას „აპოელს“ შეუერთდა. ქართველი თავდამსხმელი ვენის „რაპიდიდან“ „გენტში“ 2018 წლის ზაფხულში გადმოვიდა და ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სულ 46 მატჩი ჩაატარა. ორ სეზონზე მან 7-ჯერ გაიტანა და 7 გადაცემაც გააკეთა. კლუბი წარმატებებს უსურვებს გიორგის მომავალ კარიერაში“, – წერია „გენტის“ გვერდზე.

სამი წლის წინ „გენტმა“ ქვილითაიას ტრანსფერში ვენის „რაპიდს“ სამი მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ „გენტის“ მაისურით ორ სეზონზე მხოლოდ 7 გოლი გაიტანა და 2020 წლის სექტემბერში კვიპროსულ კლუბ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედად, იჯარის საფუძველზე გადავიდა – საბოლოოდ, კვიპროსში დარჩენა და „აპოელში“ თამაში გადაწყვიტა.

გასულ სეზონზე, ქვილითაიამ „ანორთოსისში“ 14 გოლი გაიტანა და კვიპროსის ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ცხრილში მეექვსე ადგილზე გავიდა. კვიპროსული მედიის მტკიცებით, 27 წლის ქართველი თავდამსხმელის საფასურად, კვიპროსულმა კლუბმა ბელგიურ „გენტს“ 600 000 ევრო გადაუხადა, ხოლო თავად მოთამაშეს 400 000 ევრო უნდა გადაუხადოს.