„გენტის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე თუ არ თამაშობს, ეს მისი ბრალია #1TVSPORT
„გენტი“ ბელგიის თასის მერვედფინალში დღეს „ლომელს“ ესტუმრება. ბელგიური გამოცემის, nieuwsblad-ის ცნობით, გუნდის განაცხადში არ იქნება გიორგი ჩაკვეტაძე, რაზეც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰეზებრუკმა ისაუბრა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „გენტმა“ საშინაო შეხვედრაში „სტანდარტი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო რომან ბეზუსი, გიორგი ჩაკვეტაძე და ჯანი ბრუნო ტრიბუნაზე დარჩნენ.
„როგორც ჩანს, ისინი არც „ლომელთან“ სათასო მატჩს ითამაშებენ. მაგალითად, გიორგი ჩაკვეტაძე – ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მას დამუხტვა სჭირდება“, – წერს ბელგიური გამოცემა nieuwsblad.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შემტევის პრობლემაზე მიანიშნა:
„გუნდში დიდი კონკურენციაა, რადგან შეტევაში ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს. ყველამ უნდა ისარგებლოს იმ შესაძლებლობით, რომელიც ეძლევა. თუ ჩაკვეტაძე თამაშზე არ იქნება, ეს მისი ბრალია“, – განაცხადა ჰაინ ვანჰეზებრუკმა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტის“ დატოვება სურს, მაგრამ ბელგიური კლუბის ხელძღვანელობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.