„გენტის“ მთავარი მწვრთნელი - დროა, ჩაკვეტაძე სამატჩო განაცხადში შევიყვანოთ
„შორს არაა ის დღე, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძე „გენტს“ დაუბრუნდება“ – ეს ბელგიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეს თორუპმა გამოცემა „ნიუსბლადთან“ განაცხადა.
უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი ტრავმებს ებრძვის. ამის მიუხედავად, გამოცემასთან ტორუპი არ მალავს, რომ ქართველი შემტევის უახლოესი მატჩის განაცხადში შეყვანა სურს.
„გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება გვიახლოვდება. ის მზად არის როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ამიტომ, დაჟინებით მოვითხოვ, რომ ის სამატჩო განაცხადში შევიყვანოთ” – აცხადებს „გენტის“ დანიელი დამრიგებელი.
ამავე დროს, გამოცემის თქმით, ქართველს ძირითადში ადგილის დაბრუნება თავიდან გაუჭირდება.
„გუნდში კონკურენცია გაიზარდა. განსაკუთრებით კარგად ჯონათან დავიდი ათამაშდა. კანადელი თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. ასე რომ, ალბათ გარკვეული დრო გავა, სანამ ჩაკვეტაძე გუნდში თავის ადგილს დაიბრუნებს“ – წერს „ნიუსბლადი“.
ცნობილი გახდა, რომ 8-თვიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ორშაბათს, 9 დეკემბერს დაუბრუნდება. ამ დღეს, „გენტის“ დუბლშემადგენლობისა და მთავარი გუნდის საკონტროლო შეხვედრა დაიგეგმა.