„ბოლო დროს გენტს კვლავ შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძის იმედი ჰქონდეს, რომელიც სამი თვე ტრავმირებული იყო. გასულ უქმეებზე ქართველმა თავდამსხმელმა ანტვერპენთან ძალიან კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა. გენტისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებით დამაიმედებელია, რადგან ბელგიის თასის ფინალი მოახლოვდა“ – წერს ბელგიური გამოცემა.
ნიუსბლადი ქართველი ფეხბურთელის კომენტარსაც აქვეყნებს:
„ახლა მობილიზებული ვარ და მხოლოდ ანდრელხტთან მატჩზე ვფიქრობ. გვინდა, რომ თასის ფინალი მოვიგოთ. ეს იქნება პირველი რეალური ჯილდო, რომელიც შეიძლება ჩემს ბელგიურ კარიერაში მოვიპოვო. ეს ჩემთვის რეაბილიტაციის რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება და უჩვეულოდ მოტივირებული ვარ. სიზმარშიც კი ვნახე, რომ ბელგიის თასის ფინალში გავიტანე“.
ამავე დროს, გაზეთი ამტკიცებს, რომ გენტმა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რათა ჩაკვეტაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
„19 წლის ქართველ თავდამსხმელს გუნდთან შეთანხმება 2020 წელს ეწურება, ახლა კი 2022 წლამდე იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობაა, ჩაკვეტაძე გელაკო არენაზე მომდევნო სეზონშიც ვიხილოთ“ – ამტკიცებს ნიუსბლადი.
როგორც ჩანს, გენტმა ქართველთან დაკავშირებით რეალური წინადადება მიიღო. გიორგი ჩაკვეტაძეს ახალ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება ბელგიურ კლუბთან ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვით ადრე შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, გენტი ქართველის ტრანსფერში მხოლოდ კომპენსაციას მიიღებს, რაც 23-წლამდელი მოთამაშის გაზრდაზეა გათვალისწინებული. კონტრაქტის გახანგრძლივებით კი გენტი ამ საფრთხეს თავიდან აიცილებს.
ბოლო ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით დორტმუნდის ბორუსიაა დაინტერესებული, რომელიც მზადაა, 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. ეს ის თანხაა, რომლის გამოც გენტს ქართველთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმება ნამდვილად უღირს.