გენეტიკური კვლევის თანახმად, ჩიუაუები ნაწილობრივ კოიოტები არიან — #1tvმეცნიერება

17:16, 15.09.2026

ჩიუაუები ნამდვილად უცნაური ძაღლები არიან. ძალიან გვიყვარს, მაგრამ უდავოა, რომ იმ პატარა არსებებში რაღაც ცოტა უცნაურია.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა ძაღლების გენეტიკური წარმოშობის ახალმა კვლევამ გარკვეულწილად შეიძლება აგვიხსნას, რატომაა ასე.

როგორც ჩანს, ჩიუაუას ველურ კოიოტებთან (Canis latrans) საერთო გენები აქვთ.

დნმ-ში — ცოცხალი ორგანიზმის სხეულის თითოეულ უჯრედში ჩაწერილ გენეტიკური გეგმაში — დაშიფრულია ევოლუციის ისტორია.

მშობლები თავის დნმ-ს შვილებს გადასცემენ; მიუხედავად იმისა, რომ მუტაციებმა ზოგჯერ ნიმუში შეიძლება ოდნავ შეცვალონ, სწორედ დნმ-ია ის, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, დროში უკან მიჰყვნენ წინაპართა კვალს.

ამ ისტორიის წაკითხვა ადვილი არ არის, მაგრამ თანამედროვე გამოთვლითი ტექნოლოგიები გვეხმარება ამ უზარმაზარი გენეტიკური მონაცემთა ბაზის გაშიფვრასა და მისი შინაარსის გააზრებაში.

სტენფორდის უნივერსიტეტის ჯგუფი ორ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ტესტავდა, Gnomix-ს და Gnofix-ს, რომლებიც ერთდროულად განიხილავს მრავალი ცხოველის გენომს, აფასებს მათ შორის ნათესაურ კავშირს და ავლენს მათ ევოლუციურ ისტორიას.

ეს პროცესი, რომელსაც ტექნიკურად ადგილობრივი წარმომავლობის ინფერენცია ეწოდება (LAI) — მკვლევრებს ცხოველის გენომში დნმ-ის კონკრეტული სექციების წარმომავლობის გარკვევაში ეხმარება.

სწორედ ასე წააწყდნენ ისინი მნიშვნელოვან თავისებურებას მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლის გენომში.

აღმოაჩინეს, რომ ჩიუაუებს გენომის არაერთი სეგმენტი საერთო აქვთ ველურ კოიოტებთან.

უკვე არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები, რომ კარგად ცნობილი თანამედროვე მექსიკური ჯიშები — ჩიუაუა და შოლოიცკუინტლი (შემოკლებით შოლო) — ევროპული და კოლუმბამდელი ძაღლების ნაზავს წარმოადგენდნენ.

დღევანდელ შინაურ ძაღლთა უმეტესობა ევროპული წარმომავლობისაა, მაგრამ ამ ორმა ჯიშმა მოახერხა „ახალი სამყაროს“ წარმომავლობის ზოგიერთი ფრაგმენტის შენარჩუნება.

Gnomix-ის პროგრამულმა უზრუნველყოფამ ჩიუაუას და შოლოს ჩრდილოეთამერიკული მემკვიდრეობა დაადასტურა და იქვე მიუთითა კოიოტის გენებზე ჩიუაუას ოჯახურ ხეში, შოლოს გენომის დაახლოებით ოთხ პროცენტს კი არქტიკული ძაღლების წარმომავლობა შეადგენდა.

კვლევამ ვერ გამოავლინა, ზუსტად როდის შეიძლება შესულიყო კოიოტის გენები ჩიუაუას ხაზში, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს იქამდე მოხდა, ვიდრე კოლუმბი მივიდოდა ამერიკის კონტინენტზე.

ასევე არ ვიცით, შეჯვარება განზრახ იყო თუ შემთხვევითი, ან ჩიუაუას რა თვისებები შეიძლება მიეღო ჩიუაუას მემკვიდრეობით ადგილობრივი წინაპრებისგან. თუმცა, მათსავე უზარმაზარ ყურებსა და გამომხატველ ყმუილში არის რაღაც ისეთი, რაც ძალიან ძლიერ მოგვაგონებს კოიოტებს.

სხვა ფინია ძაღლებისგან განსხვავებით, თავისი ზომის მიუხედავად, ჩიუაუა ცნობილია თავისი დამოუკიდებელი, ამაყი და თავდაჯერებული ბუნებით. თითქოს მასში მართლაც ველური კოიოტი იმალება.

„დადგენილია, რომ ველური კოიოტები და მგლები ბუნებრივად განიცდიან ჰიბრიდიზაციას, განსაკუთრებით ისეთ გეოგრაფიულ ზონებში, სადაც მგლის მსგავსი თვისებები სასარგებლოა“, — ამბობს ზოოლოგი ჟაკლინ ბოიდი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

კოიოტები მგლებზე გაცილებით პატარები არიან, მაგრამ ჩიუაუებზე მაინც ბევრად დიდები.

დიდი ალბათობით, ჩიუაუას მომცრო ტანი უფრო ხელოვნური გადარჩევის შედეგია — როდესაც ადამიანები კონკრეტული ნიშან-თვისებების მიხედვით ახდენდნენ მათ გამრავლებას — ვიდრე რაიმე სხვა ფაქტორის.

„არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ ევროპელებთან კონტაქტამდე არსებულ მესოამერიკულ კულტურებში გვხვდებოდა მცირე ზომის ძაღლები, მაგრამ უცნობია, რა კავშირი აქვთ მათ ჩიუაუებთან“, — წერს ჟაკლინ ბოიდი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი