გენერატორები, რიგები, დაცარიელებული პლაჟები: როგორ ცხოვრებს დღეს ოკუპირებული ყირიმი
ქალი გადაადგილდება „ყირიმის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს“ შენობასთან, რომელზეც გამოსახულია ასოები „Z“ და „V“. ამ სიმბოლოებს რუსული არმია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში იყენებს. სიმფეროპოლი, 2026 წლის 23 ივლისი
მაღაზიის დაცარიელებული დახლები, გენერატორების გუგუნი, ტურისტებისგან დაცლილი პლაჟები, რიგები და ჩხუბი ავტოგასამართ სადგურებზე, საჰაერო განგაშის სირენები და აფეთქებები – ასეთია ცხოვრება ოკუპირებულ ყირიმში ივნისის ბოლოდან, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის „მშვიდობის იძულების“ ოპერაცია დაიწყეს. ამავდროულად, ოკუპაციური ხელისუფლება რუსული აუდიტორიისთვის სრულიად განსხვავებული სურათის დახატვას ცდილობს და საწარმოების გამართულად მუშაობის, ბიზნესის მხარდაჭერისა და მოსახლეობის დახმარების მზაობის შესახებ საუბრობს.
როგორ შეიცვალა რეალურად ცხოვრება ნახევარკუნძულზე და როგორ ცდილობს რუსული მედია ამ პრობლემების შედეგების დამალვას – სწორედ ამას ეხება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყირიმის ფილიალის (Suspilne Crimea) რეპორტაჟი.
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე, რუსული ტელეარხები კვლავ ამზადებენ რეპორტაჟებს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ნახევარკუნძულზე. თუმცა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კარგად შეამჩნიეს განსხვავება იმას შორის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ და რაც რეალურად ხდება.
„აგერ, აქვე, იღებენ სიუჟეტს მათ შესახებ, ვინც უკვე 48 საათზე მეტია, უშუქოდაა. ვეუბნები: „ხმამაღლა ილაპარაკეთ, რომ პირველი პირისგან გავიგო ეს ყველაფერი“. ისინი კი თავიანთ პატარა მიკროფონებში, უბრალოდ, რაღაცას ჩურჩულებენ და არავინ იცის, რას ამბობენ და რომელი არხი გადასცემს მათ ნათქვამს“, – ირონიით ამბობს ყირიმელი ქალი პრორუსულ მედიაზე, რომელიც ყირიმში ბიზნესის მფლობელებისთვის ვითომდა სახელმწიფო დახმარების შესახებ სიუჟეტებს იღებს.
ჯანკოის რაიონის მცხოვრებლები ჩივიან, რომ, განაცხადის წარდგენისას, მამაკაცებისგან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ საბუთს ითხოვენ. დოკუმენტები მათ ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა წარადგინონ, თუმცა მანამდე ჰპირდებოდნენ, თითქოს შესაბამისი პროცედურის გავლა რუსულ პორტალ „გოსუსლუგიზე“ (Госуслуги) იქნებოდა შესაძლებელი.
ამავდროულად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ქმნიან ილუზიას, რომ საოკუპაციო ხელისუფლება „სიტუაციას აკონტროლებს“. სპეციალურად გადაღებულ ვიდეოებში გამოდიან ექიმები, მეცნიერები, სპორტსმენები და ქარხნის მუშები, რათა მაყურებლები დარწმუნონ, რომ სირთულეები დროებითია.
„დიახ, რთული დროა, მაგრამ გარკვეულ სიძნელეებს ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე შევეჩვიეთ“, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.
ახალგაზრდა მკვლევარი კი ვიდეოში ამტკიცებს: „ზოგიერთი სირთულე, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი ქვეყანა დგას, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს სამუშაოდ“.
საწყობის თანამშრომელი ცდილობს, დაგვარწმუნოს: „ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს“.
თითქოს „პრობლემები არ არის“, მაგრამ იალტაში მოაწყეს საველე სამზარეულოები, სადაც ცხელ საკვებს ამზადებენ და არიგებენ. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შეაქვთ „სოციალური სადილები“, რომლებიც მოსახლეობის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არის ხელმისაწვდომი.
კიდევ ერთი სიახლეა „დახმარების ცენტრები“. იქ შეგიძლიათ ათამდე მობილური ტელეფონი დატენოთ ან რაციით ისარგებლოთ.
„შუქის გათიშვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, რაცია გამოიყენოთ “, – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთი ასეთი ცენტრის მუშაობას ეხება.
საოკუპაციო ხელისუფლება, ამავდროულად, მილიარდობით რუბლის ოდენობის მხარდაჭერაზე იუწყება. მათ განცხადებების თანახმად, მხოლოდ ტურიზმის სექტორში „ოთხ მილიარდ რუბლზე მეტი“ ჩაიდო. ბიზნესმენებს იჯარის შემცირებასა და სესხების რესტრუქტურიზაციასაც ჰპირდებიან.
თავად სევასტოპოლელი ბიზნესმენები კი ღრმა კრიზისზე საუბრობენ.
„ჩვენ ბიზნესი სევასტოპოლში გვაქვს, სადაც ახლა მძიმე კრიზისია. ქალაქი, რამდენიმე კვირაა, უშუქოდაა. ელექტროენერგიით თავს საკუთარი ძალებით უზრუნველვყოფთ. გენერატორი საათში ათ ლიტრს მოიხმარს. გვაქვს ყველაზე ძვირი საწვავი და შეზღუდვები მის მოხმარებაზე. საწვავის ხარჯი საათში ათასიდან ათას ორას რუბლამდე აღწევს. ამას ემატება ქირა, გადასახადები, სესხები და პერსონალის ხელფასები“, – განაცხადეს ბიზნესმენებმა.
ელექტროენერგიისა და საწვავის დეფიციტის ფონზე, ნახევარკუნძულზე ბიზნესები იხურება.
სიმფეროპოლში, სავაჭრო ცენტრ „მეგანომში“ ტანსაცმლის მაღაზია დაიხურა. ტურისტულმა კომპლექსმა „ანგარსკის უღელტეხილმა“ საქმიანობა 30 ივნისის შემდეგ შეაჩერა.
„საწვავთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ბევრ სტუმარს უჭირს აქამდე მოსვლა, სტუმრების გარეშე კი ფუნქციონირება არ შეგვიძლია“, – განაცხადეს კომპლექსის წარმომადგენლებმა.
სევასტოპოლში იხურება კაფე, რომელიც ქსელ Раки и эклеры-ს ეკუთვნის.
„ჩვენს სესხებსა თუ ვალებს ჩვენ ნაცვლად არავინ გადაიხდის. სიტუაცია სავალალოა, ამიტომ დახურვა გადავწყვიტეთ“, – აღნიშნეს დაწესებულების თანამშრომლებმა.
საცალო ვაჭრობა იალტაშიც გასაჭირშია. ბუტიკის მფლობელი ამბობს, რომ გადასახადებისა და ყირიმში შექმნილი საერთო სიტუაციის გამო, მისი ბიზნესი არარენტაბელური გახდა. ამასობაში, სევასტოპოლში ყვავილების მაღაზია მომხმარებლებს ემუდარება, საქონელი, სულ მცირე, თვითღირებულების ფასად მაინც წაიღონ.
„ყველამ იცით, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა ჩვენი ქალაქი – ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და მობილური კავშირის გარეშე ვართ დარჩენილები. ვინაიდან ყვავილები მალფუჭებადი საქონელია, მათ სარეალიზაციოდ და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს“, – აცხადებენ მაღაზიაში.
ბიზნესების დახურვის ფონზე, ზოგიერთი ბლოგერი ყირიმის ხალხმრავალი პლაჟების კადრების ჩვენებას განაგრძობს. თუმცა, ასეთ ვიდეოებშიც კი, ავტორები უნებლიეთ აღიარებენ, რომ ნახევარკუნძულზე ნაკლები ტურისტია. ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი აღნიშნავს, რომ რეალური სურათის დანახვა პრორუსი ბლოგერების გვერდებზეც კი არის შესაძლებელი.
„ჩვენი კოლეგები ჩერნომორსკში, ალუშტაში, იალტაში, სუდაკსა და ფეოდოსიაში ათამდე ისეთ ბლოგერს აკვირდებიან, რომლებიც, ძირითადად, რეალურ სურათს წარმოაჩენენ, განსაკუთრებით – ტურიზმის სექტორში. ისინი აჩვენებენ ცარიელ პლაჟებს; აჩვენებენ არა ათეულობით, არამედ ასობით გენერატორს იალტისა და ალუშტის ქუჩებში“, – აღნიშნა ჩუბაროვმა.
ამის საპირისპიროდ, საოკუპაციო რეჟიმის ჩინოვნიკები საუბრობენ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც „ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ“. სათბურის კომპლექსში ვიზიტის შემდეგ, ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ სირთულეები, ძირითადად, ლოგისტიკას უკავშირდება.
უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორისა და სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსის, დმიტრო ჟმაილოს თქმით, ეს პროპაგანდისტული ვიდეოები მიზნად ისახავს სტაბილურობის ილუზიის შექმნას და უკმაყოფილების პრევენციას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უშუალოდ რუსეთში.
„ეს, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია რუსებისთვის, ყირიმის მოსახლეობისთვის საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უშუალოდ რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური დესტაბილიზაცია თავიდან აიცილონ“, – განაცხადა ჟმაილომ.
საველე სამზარეულოები წარმოჩინდება, როგორც მოსახლეობაზე ზრუნვის ნიშანი, მობილური ტელეფონების დატენვის შესაძლებლობა – როგორც „დახმარების ცენტრი“, ხოლო ჯერ კიდევ დაუხურავი ბიზნესები – როგორც სტაბილურობის მტკიცებულება. თუმცა, საგანგებო მდგომარეობა, მილიარდიანი მხარდაჭერის შესახებ დაპირებები და ბიზნესის მფლობელების ვიდეომიმართვები საპირისპიროზე მეტყველებს.
რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ლოგისტიკაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმები სულ უფრო მეტ გავლენა ახდენს საოკუპაციო რეჟიმზე. რეფატ ჩუბაროვის თქმით, ყირიმი უკვე აღარაა ფრონტისპირა ტერიტორია, ის უკვე თავად იქცა ფრონტის ხაზად.