პროკურატურის შუამდგომლობით, საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით და პენიტენციური სამსახურის მიერ, 2020 წლის 13 ოქტომბერს საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულის კ.რ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, ძებნილი კ.რ. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა 2020 წლის 21 მარტს დააკავეს და იგი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იქნა აყვანილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურა კ.რ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით ძებნას, 1994 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ამჟამად მსჯავრდებულ პირებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს, და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან – ნ.მ.-სგან და ფ.მ.-სგან გამოსასყიდის სახის 75 000 აშშ დოლარის მიღების შემდგომ, იმავე წლის 28 იანვარს გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, დაზარალებულისთვის და მისი მშობლებისთვის გამტაცებლების ვინაობა ცნობილი გახდა, რაც თავის მხრივ ასევე ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის. იმის შიშით, რომ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების საფრთხე რეალური იყო ამჟამად მსჯავრდებულები ვ.გ., კ.რ., მ.მ., გ.ქ., გ.ო.,და რ.დ.1994 წლის 19 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს და მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განაჩენით კ.რ. სხვა დამნაშავე პირებთან ერთად ცნობილია დამნაშავედ და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1994 წელს მოქმედი რედაქციით) 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ყაჩაღობისთვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად.
სასამართლოს განაჩენით კ.რ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მას სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – აცხადებენ გერენერალურ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, კ.რ. საფრანგეთიდან ეტაპირებულია საქართველოში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლდა.