გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტში განხილვის გარეშე უყრიან კენჭს
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა.
„გუშინ ჩვენ შვიდი საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები.
ჩვენ ასევე მივეცით შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს, ვინც კომიტეტს მომართა, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, დასწრებოდნენ და არა მხოლოდ დასწრებოდნენ, არამედ შეკითხვებითაც მიემართათ კანდიდატისთვის. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა. ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცედურის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან იყო ასეთი დეტალური განხილვა, ბიუროს ვთხოვდი, რომ ჩვენ ეს საკითხი მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ პლენარულ სხდომაზე და აღარ არის მიზანშეწონილი, ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს – სრულიად უპასუხისმგებლო ჯგუფებმა, ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ კომიტეტს.
ამიტომ, პირველი მოსმენით დადგენილი წესით განხილვის გარეშე შეგვიძლია, კენჭისყრაზე დავაყენოთ პირდაპირ პლენარულ სხდომაზე. ამით ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კერჭისყრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება. გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.