გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, არტნამუშევრების კონკურსის - „არა ფემიციდს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, არტნამუშევრების კონკურსის - „არა ფემიციდს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, არტნამუშევრების კონკურსის – „არა ფემიციდს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, მხატვრები გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე და არტნამუშევრების კონკურსის მონაწილეები.

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, ჟიურის წევრებს და აღნიშნა, რომ ფემიციდის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მათი ჩართულობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„ჩვენთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, წლებია, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და 2014 წლიდან დღემდე არაერთი რეფორმა განვახორციელეთ იმისთვის, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების ფარგლებში, პროკურატურა აქტიურად ცდილობს, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თემატური ღონისძიებები და კამპანიები გამართოს.

ირაკლი შოთაძემ აშშ-ის საელჩოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის, ასევე, არტნამუშევრების ავტორებს კონკურსში მონაწილეობისა და საინტერესო ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის ხელმძღვანელმა კაორი იშიკავამ და აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა.

არტნამუშევრების კონკურსში – „არა ფემიციდს” მონაწილეობა მთელი საქართველოს მაშტაბით 75 ავტორმა მიიღო. არტნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში ქალთა ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შესრულებული სამი გამარჯვებული ნახატი გამოვლინდა. პირველი ადგილი გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლის, 9 წლის თამაზ ბეჟანიშვილის ნამუშევარმა დაიკავა, მეორე ადგილი – თელავის რაიონის სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის ქეთი შაშვიაშვილის ნახატს ერგო, ხოლო მესამე ადგილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების ერთობლივმა ნამუშევარმა და ხაშურის რაიონის სოფ. ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლის, 13 წლის მარიამ მახარაშვილის ნახატმა გაინაწილა. ასევე, ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ხაშურის რაიონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის ანი ბარბაქაძის ნამუშევარს.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის დასასრულს ღონისძიება დამსწრე სტუმრებმა და ჟიურის წევრებმა შეაფასეს. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალურ პროკურორს კამპანიის ორგანიზებისთვის და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს, რადგან ფემიციდი კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები და საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდნენ.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „არა ფემიციდს“ 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.