გენერალი მარკ მილი - რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევს საკუთარ სამხედრო მიზნებს
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევს საკუთარ სამხედრო მიზნებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსებისთვის თითქმის შეუძლებელია საკუთარი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს. ეს, უბრალოდ, ვერ მოხდება. ამ წელს უკრაინისთვის ძალიან რთული გახდა რუსების თითოეული სანტიმეტრიდან უკან განდევნა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ რთული იქნება და ეს, ფაქტობრივად, მოითხოვს რუსული არმიის ჩამოშლას“, – განაცხადა გენერალმა „ფაინანშელ თაიმსთან“ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, დაიკარგა თუ არა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსი, გენერალმა უპასუხა, რომ გაზაფხულამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა, ასეთი შესაძლებლობა კი ნებისმიერ წამს შეიძლება, გაჩნდეს.
ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ ორივე მხარე, უკრაინაც და რუსეთიც ზედმეტად „შეპყრობილები არიან საკუთარი სამხედრო მიზნებით და არ სურთ მოლაპარაკება“.
გენერალის თქმით, ეს კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილის შეხსენებაა, რომ აგრესის შეჩერება აუცილებელია სიმტკიცით, თავშეკავებით, სამხედრო ძალით, თუმცა, მისივე განცხადებით, რუსული ბირთვული არსენალის გათვალისწინებით, ახლა ფსონები გაცილებით მაღალია.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ქვეყანასთან, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ამიტომ ძალიან, ძალიან წინდახედულად უნდა მოიქცე, რომ მართო ესკალაცია“, – განაცხადა გენერალმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი.