გენერალი ალექსანდერ ზოლფრანკი - რუსეთის ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას თუ გადავხედავთ, მას შეუძლია, ხვალვე განახორციელოს მცირე მასშტაბის შეტევა ნატო-ს ტერიტორიაზე
რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს განახორციელოს მცირე მასშტაბის თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ გერმანელმა გენერალმა, ალექსანდერ ზოლფრანკმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას თუ გადავხედავთ, რუსეთს შეუძლია, ხვალვე განახორციელოს მცირე მასშტაბის შეტევა ნატო-ს ტერიტორიაზე; პატარა, სწრაფი, შეზღუდულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზოლფრანკმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, სხვა რუსული ფლოტები არ შემცირებულა.
„სახმელეთო ძალები დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ მისი მიზანია ჯარების საერთო რაოდენობის 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე გაზრდა. რუსეთს საკმარისი საბრძოლო ტანკები ჰყავს, რათა შეტევა ხვალვე განახორციელოს“, – განაცხადა ზოლფრანკმა.
ამასთან, ზოლფრანკის თქმით, მოსკოვი ნატო-ზე თავდასხმას სამი ფაქტორით განსაზღვრავს: რუსეთის სამხედრო ძალა, სამხედრო გამოცდილება და ლიდერობა.
„ეს სამი ფაქტორი მაძლევს იმ დასკვნამდე მისვლის შესაძლებლობას, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლებელია. მოხდება თუ არა ეს, დიდწილად ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გერმანელმა გენერალმა.