გენდერულ თანასწორობაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
გენდერულ თანასწორობაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

კინოთეატრ ამირანში, გენდერულ თანასწორობაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსში სულ 74 ფილმი იყო წარდგენილი, საიდანაც მეორე ეტაპზე ჟიურის გადაწყვეტილებით 17 ფილმი გადავიდა.

საბოლოოდ, ჟიურიმ ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსში პეტრე თომაძის ფილმმა „ღამის სეანსი” გაიმარჯვა. მეორე ადგილი დაიკავა ქეთევან კაპანაძის ფილმმა „ლალა მანქანების მექანიკოსი”, მესამე საპრიზო ადგილი გიორგი ხარაძეს ერგო ფილმისთვის  „წრეზე”, მეოთხე ადგილი კი, ანასტასია სლოვინსკაიას ფილმმა „დრაკონი” დაიკავა.

ფილმების თემატიკა გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო. საუკეთესო ფილმების ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

პროექტის ორგანიზატორები „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და რადიო „თავისუფლება” იყვნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის მიზანია საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით.