გენადი გოლოვკინმა დიდი გაჭირვებით მოუგო ნაკლებად ცნობილ უკრაინელს
გენადი გოლოვკინმა დიდი გაჭირვებით მოუგო ნაკლებად ცნობილ უკრაინელს

ნიუ-იორკის ლეგენდარულ „მედისონ სკვერ გარდენში“ საინტერესო საკრივო ორთაბრძოლა შედგა. საშუალო წონაში IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გაითამაშეს ცნობილმა ყაზახმა გენადი გოლოვკინმა და უკრაინელმა სერგეი დერევიანჩენკომ.

უკვე პირველ რაუნდში დერევიანჩენკომ მეტოქის ძლიერი დარტყმა გაატარა და ნოკდაუნში აღმოჩნდა, მეორეში კი წარბი გაუსკდა და ბრძოლის ბოლომდე ჭრილობიდან სისხლი სდიოდა.

მიუხედავად ამისა, უკრაინელმა აქტიური ბრძოლა ჩაატარა, კარგად პასუხობდა მეტოქეს და გამარჯვებულის გამოსავლენად 12 რაუნდის გამართვა გახდა საჭირო. დერევიანჩენკომ დიდი სიმპატია დაიმსახურა, მაგრამ სამივე მსაჯმა უპირატესობა გოლოვკინს მიანიჭა – 114:113, 115:112 და 115:112. ამ გადაწყვეტილებას “მედისონ სკვერ გარდენში” სტვენით შეხვდნენ.

მოგვიანებით, გამოქვეყნდა მსაჯების შეფასებები და გაირკვა, რომ მხოლოდ პირველ, მეშვიდე და მე-12 რაუნდებში მისცა სამივე მსაჯმა უპირატესობა გოლოვკინს, ექვს რაუნდში ორმა მსაჯმა დერევიანჩენკოს მოაგებინა. ამასთან, მეხუთე რაუნდში სამივე მსაჯმა უპირატესობა უკრაინელს მიანიჭა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთი მოკრივე ვერ მივიდა ბრძოლის შემდეგ პრესკონფერეციაზე, რადგან ორივენი საავადმყოფოში წავიდნენ.