გენადი გოლოვკინი მოგებით დაბრუნდა (ვიდეო)
გენადი გოლოვკინი მოგებით დაბრუნდა (ვიდეო)

ცნობილმა ყაზახმა მოკრივემ გენადი გოლოვკინმა DAZN-ის (სტრიმინგ-პლატფომა) ეგიდით პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და ნიუ-იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ ნოკაუტით დაამარცხა კანადელი სტივ როლსი, რომელიც მანამდე წაუგებელი იყო პროფესიულ რინგზე.

გოლოვკინმა პირველივე რაუნდიდან მოიპოვა ინიციატივა და საშუალო ტემპში წარმართავდა ბრძოლას. მისი ძირითადი დარტყმები მეტოქის კორპუსზე მოდიოდა.

მეორე რაუნდიდან კანადელი გათამამდა და საპასუხო დარტყმების შესრულება დაიწყო. ორჯერ მან ეფექტური დარტყმა შეასრულა, ამასთან, კარგად უმკლავდებოდა გოლოვკინის შეტევებს.

ასე გრძელდებოდა მეოთხე რაუნდამდე, როცა ყაზახმა, როგორც იქნა, კარგი გვერდითი დარტყმა შეასრულა, შემდეგ კომბინაცია გააგრძელა და ის ყბაში შესრულებული მარცხენათი დაასრულა. ამ დარტყმას ნოკაუტი მოჰყვა. როლსი დაეცა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

გოლოვკინმა სექტემბერის შემდეგ პირველი ბრძოლა ჩაატარა. მან ამ ცხრა თვის განმავლობაში შეიცვალა მწვრთნელი (გადავიდა ჯონათან ბენქსთან) და ექვს ბრძოლაზე გააფორმა კონტრაქტი DAZN-თან. სწორედ ამ კონტრაქტის მიხედვით, გოლოვკინმა როლსის დამარცხებისთვის 15 მილიონი დოლარი მიიღო, სულ კი ექვსი ბრძოლისთვის 100 მილიონს გადაუხდიან.

დიდი ალბათობით, გოლოვკინის შემდეგი მეტოქე მექსიკელი საულ ალვარესი იქნება. სწორედ მასთან წააგო ყაზახმა სექტემბერში და ახლა, რევანში აქვს განზრახული.