გენადი არველაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილა
გენადი არველაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, კოენ დავიდსს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბანკის ჩართულობით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორებიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ამავე დროს, ხაზი გაესვა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევას. აღინიშნა ამ პროექტის დიდი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული მომავლისთვის.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და თბილისში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ბანკის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.