გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

18:35, 07.09.2020

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

„პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.

ანალოგიურად, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

მსგავსი