გელა ნიკოლაიშვილი - გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი საუბრობდა, რომ არ ჩატარებულა კლინიკური, ლაბორატორიული კვლევა, მაშინ არ შეიძლება რაღაცა დიაგნოზის დასმა და ის სვამს ამ დიაგნოზს
გელა ნიკოლაიშვილი - გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი საუბრობდა, რომ არ ჩატარებულა კლინიკური, ლაბორატორიული კვლევა, მაშინ არ შეიძლება რაღაცა დიაგნოზის დასმა და ის სვამს ამ დიაგნოზს

ვხედავ იმის საფუძველს, რომ სააკაშვილის მკურნალობა, თუ ის დაექვემდებარება და თვითდაზიანებას არ გააგრძელებს, შესაძლებელია საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გელა ნიკლეიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, რომელიც ამბობდა, რომ არ ჩატარებულა კლინიკური, ლაბორატორიული კვლევა და ისე სვამდა დიაგნოზს.

„დღეს, როდესაც საუბრობდა გასტროენტეროლოგი, აქ ლაპარაკი იყო ისეთ საკითხებზე, რომელზეც, სამედიცინო თვალსაზრისით, მალხაზი უსვამდა კითხვებს, მაგრამ როდესაც დავინახეთ,  ადამიანი ამბობს, თუ არ ჩატარებულა კლინიკური კვლევა, ლაბორატორიული კვლევა, მაშინ არ შეიძლება რაღაცა დიაგნოზის დასმა და ის სვამს ამ დიაგნოზს, ბუნებრივია, ამ შეკითხვებს იურისტიც დაუსვამს და სხვა ადამიანიც.

დროის თვალსაზრისით, დაინახეთ, რომ ერთი მხარე ოთხი საათი სვამდა კითხვებს და მეორე მხარე – ნახევარი საათი. ვალერი გელბახიანი იქამდე მივიდა, რომ, ფაქტობრივად, ცალმხრივი შეკითხვები უნდა დავსვათ, ცალ კარში ვითამაშოთო, ესენი მხარეც კი არ არიანო, ანუ, რეალურად, როდესაც არის ზეპირი მოსმენა, ზეპირი მოსმენის დროს მეორე მხარეს არაფრის უფლება არ აქვს, ფაქტობრივად, ერთ კარში უნდა ვითამაშოთო. ასე არ გამოვა. აქედან გამომდინარე, დღევანდელმა სხდომამაც დაგვანახა ასეთი რაღაცა, რომ ის ოპერაცია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სასჯელის მოხდისგან თავის არიდების რაღაცა გეგმის შესრულება, მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, „დარწმუნებული ვარ, რომ ექვსი თვის, ერთის წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, რასაც მე ვუსურვებ მას, განურჩევლად იმისა, ის იქნება პენიტენციურ  დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ“.

„მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული რაღაცა დაავადებებით, რომელიც სტრესისგან, შეუგუებლობისგან, მიუღებლობისგან არის გამოწვეული, ჩვენ ამას არ ვიხილავთ. ჩვენ ვიხილავთ იმას, ის არის თუ არა მძიმედ დაავადებული და ამ მძიმე დაავადების მკურნალობა თუ მართვა არ შეიძლება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში. ამაზეა საკითხი. ახლა მეორე მხარე ყოველთვის აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ, აი, ის მოწამლეს, არასათანადოდ მკურნალობენო. ამავე დროს ამბობენ, ამაზე რატომ გვპასუხობთო, ეს ხომ მთავარი არ არისო. ვხედავ იმის საფუძველს, რომ სააკაშვილის მკურნალობა, თუ ის დაექვემდებარება და თვითდაზიანებას არ გააგრძელებს, შესაძლებელია საქართველოს სასჯელაღსრულების – არც არის ის სასჯელაღსრულება – სამედიცინო დაწესებულებაში. მოდით, ახლა დანარჩენ მოწმეებსაც დაველოდოთ. პენიტენციურ დაწესებულებასაც ჰყავს თავისი მოწმეები. ეს მოწმეები მოვლენ აქ, ისაუბრებენ და, საბოლოო ჯამში, ამ ორივე მხარის შეჯერების საფუძველზე გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ ექვსი თვის, ერთი წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, რასაც მე ვუსურვებ მას, განურჩევლად იმისა, ის იქნება პენიტენციურ  დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ.

მერე იტყვიან, რა თქმა უნდა, ამ ექვსი თვის თუ ერთი წლის შემდეგ, რომ, კი, იყო ავად და ჩვენ ვუმკურნალეთო, მაგრამ, როგორც ცნობილია, დემენცია საერთოდ არ იკურნება. გამონაკლისი ალბათ იქნება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ აქვთ უფლება, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და იბრძოლონ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად. ბოლომდე მივიდეთ, ყველა ექიმს მოვუსმინოთ და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს დასკვნას. ნდობის ფაქტორი დაბალია, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ, მიუხედავად იმ რეგალიებისა, უცხოელობისა და ამერიკელობისა, რეალურად აშკარად ჩანს, რომ ადამიანები საკუთარ დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც არის ზედაპირული ან სხვისი გადმოცემული, ადვოკატის ინფორმაციით ან სხვა ექსპერტის გადმოცემით და თავად არა აქვთ ნანახი. როცა ჩაეკითხები, ეს ჩაკითხვები არ უნდათ, რატომ ეკითხებითო, და, აბა, როგორ გამოვიკვლიოთ? ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ მოვუსმინოთ, რაც მათ დაწერესო. პასუხი კი გაგვცეს ის, რომ ლაბორატორიული კვლევები არ ჩაგვიტარებია და დიაგნოზი მაინც დავსვითო. არა, თავად ექსპერტმა თქვა, რომ არ იყო მსგავსი დიაგნოზი დასმული“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, ნიკოლაიშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც.

„დღეს განუცხადებია მიხეილ სააკაშვილს, ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში აქვს იურიდიული დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგსო. ეს განუცხადებია მიხეილ სააკაშვილს. მე არ ვიცი, ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. გორში ნამდვილად არ დამიმთავრებია. თბილისში მაქვს იურიდიული, ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დამთავრებული, მანამდე – ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე, ისტორიულზე.

ახლა რაც შეეხება სიტყვა „ვინმეს“, ამ „ვინმესთან“ დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ იხმარა ეს სიტყვა. შეიძლება, დემენციის ბრალია, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინ მქონდა პირადად მასთან ურთიერთობა და საკმაოდ კარგად იცის, ვინც ვარ. ის როდესაც მსახურობდა „კაგებეს“ ჯარებში, იმ დროს მე ვიჯექი „კაგებეს“ ციხეში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის, და შემდეგაც, როდესაც გვქონდა ურთიერთობა, მას ეს „ვინმე“ არასოდეს უხსენებია“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.