გელა ხუციშვილი - პრეზიდენტი თუ გავხდები, შევქმნი საკონსულტაციო საბჭოს და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს მის წევრობას შევთავაზებ
გელა ხუციშვილი - პრეზიდენტი თუ გავხდები, შევქმნი საკონსულტაციო საბჭოს და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს მის წევრობას შევთავაზებ

პრეზიდენტი თუ გავხდები, პირველივე დღეს შევქმნი პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს შევთავაზებ, ამ საბჭოში თავისი ადგილი დაიკავოს, რათა თავისი პროგრამები განავითაროს, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გელა ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე, გულდასმით ვუსმენ პრეზიდენტობის კანდიდატებს და ვფიქრობ, ძალიან ბევრი, თითქმის, ყველა ძალიან საინტერესო წინადადებებს აყენებს. წარმოიდგინეთ, მათ რომ ამ წინადადებების რეალიზაციის საშუალება მიეცეთ, ქვეყანას ეს რაოდენ სასიკეთოდ წაადგება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ, ვეტოს დაუყოვნებლივ დაადებს „მიწის პრივატიზაციის შესახებ კანონს“, რადგან მიწები აღარ უნდა გაიყიდოს და მათი გაყიდვა უნდა შეჩერდეს, სანამ აფხაზეთისა და ცხინვალის მონაკვეთები საქართველოს ფარგლებში არ იქნება შემოტანილი.

„რა თქმა უნდა, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ჩვენ ვერავის ვერაფერს ჩამოვართმევთ, მაგრამ მიწის გაყიდვის შემდეგ, მიწებზე, ხუთი ჰექტარის ზემოთ ფართობზე, გადასახადების მაღალ მარჟას დავაწესებ, რაც მათ პრობლემას თავისთავად შეუქმნის და გამოსყიდვის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს ექნება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 1993 წელს ლტოლვილთა კონვენციას ყოველგვარი დათქმის გარეშე მიუერთდა და შედეგიც სახეზეა, ამიტომ, ის ამ საკითხს ვეტოს დაადებს.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფონდის თანხები მთლიანად მეცნიერებათა აკადემიისკენ იქნება მიმართული.

„რა თქმა უნდა, მას ის ინსტიტუტები უკვე აღარ ყავს, რომლებმაც დარგობრივი განვითარება უნდა უზრუნველყონ, მაგრამ შეიქმნება სამეცნიერო ცენტრები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 5-10-15 და 25-წლიან პროგრამებზე იმუშავებენ“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ის მნიშვნელოვან ყურადღებას მიაქცევს ვეტერანთა საკითხებს და კატეგორიულად დააყენებს საკითხს, რომ მოქმედებაში შემოვიდეს „სახელმწიფოს საზღვრის შესახებ კანონი“, რომლის ძალითაც სახელმწიფო საზღვრის 500-მეტრიანი ზოლი ხელშეუხებელია და მისი პრივატიზაციაში გადაცემა დაუშვებელია, ამის შემდეგ კი, სასაზღვრო დასახლებების ფორმირება მოხდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ის ამ ყველაფრის განხორციელებას, რადგან პრეზიდენტს ძალაში შესულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს, ხოლო ახალი კონსტიტუციით, არც კანონპროექტის ინიცირების უფლება აქვს, გელა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საკითხის დაყენების უფლება ყოველთვის ექნება და მისი აზრით, მთავრობა პრეზიდენტთან ოპონირებაში შესვლას არ მოინდომებს.