გეგეჭკორი „ტორპედოში“ დაბრუნებამ გაახარა - კონდიციების 70-80 პროცენტი აღვიდგინე #1TVSPORT
გეგეჭკორი „ტორპედოში“ დაბრუნებამ გაახარა - კონდიციების 70-80 პროცენტი აღვიდგინე #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ ლევან გეგეჭკორმა პირველი კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება.

„ქუთაისში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში ძალიან კარგი პერიოდი გავატარე და იყო ბევრი ტიტული და გუნდის წარმატებები. ყველამ იცის, რომ საკმაოდ დიდი პერიოდი გამიცდა და ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ, მაგრამ კონდიციების 70-80 პროცენტი აღვიდგინე და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ფორმაში კიდევ შევალ“,- ამბობს გეგეჭკორი.

27 წლის მცველმა თურქეთში მიმდინარე შეკრებაზეც ისაუბრა, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

„შეკრებას რაც შეეხება, უკვე დასკვნით ფაზაზე ვართ და მალე საქართველოში გავემგზავრებით. ჩავატარეთ საკონტროლო თამაშები და რა თქმა უნდა, ჯერ მაქსიმალურ კონდიციებში არ ვართ, მაგრამ ეტაპობრივად ამისკენ მივდივართ, რადგან საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა“.

ქუთაისის „ტორპედოში“ ლევან გეგეჭკორი ივნისში დაბრუნდა და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. 28 წლის მცველი მარტვილის „მერანის“ აღზრდილია. უთამაშია ქობულეთის „შუქურაში“, ბათუმის „დინამოში“ (2016, 2019-2022), საჩხერის „ჩიხურაში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“. ქუთაისის „ტორპედოში“ 2018-19 წელს ირიცხებოდა. 46 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 2 გოლი და 7 საგოლე პასითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.

28 წლის მცველი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 19-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 2017 წელს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა.

ლევან გეგეჭკორი ბათუმის „დინამოში“ თავიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, მაგრამ 2020 წლის 15 ივლისს ფოთის „კოლხეთთან“ ამხანაგურ მატჩში მცირე წვივის მოტეხილობა და იოგების დაზიანება მიიღო. 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს 2021 წლის თებერვალში დაუბრუნდა, მაგრამ ტკივილმა ისევ შეაწუხა და ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ბათუმის „დინამო“ გეგეჭკორმა საგაზაფხულო ეტაპის შემდეგ დატოვა.