გედევან ფოფხაძეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწევს
დამოუკიდებელ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწევს.
აღნიშნული კომისია ორი წლის ვადით, 2017 წლის 1-ელ მარტს შეიქმნა. ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტმა კომისიას საქმიანობისთვის უფლებამოსილება კიდევ უნდა გაუზარდოს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან წავიდა, ამ პოსტის დატოვებაც მოუწევს.
გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდის დატოვებაზე ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა და ამის მიზეზად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები დაასახელა.
დეპუტატს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ორი თანამდებობა პარალელურად ეკავა. იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი.