გედევან ფოფხაძე - საუბარია, ვინ ვის დაასწრებს, „ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ, თუ მე თვითონ წამოვალ
გედევან ფოფხაძე - საუბარია, ვინ ვის დაასწრებს, „ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ, თუ მე თვითონ წამოვალ

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილებას ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, ეს ნაბიჯი არ გადადგას და ის მაინც გარიცხონ. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ საქმე დასწრებაზე არ დადგება.

„საუბარია, ვინ ვის დაასწრებს, გამრიცხავენ, თუ მე თვითონ წამოვალ, ეს ფორმალური ნაწილია“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, მას იმედი აქვს, რომ დავით ჭიჭინაძის მაგალითი არ გამეორდება.

„საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღებ, მგონია, რომ ღირებულებებით ერთმანეთს ძალიან დავშორდით. ვისაც განსხვავებული პოზიცია გვაქვს და იმ ტენდენციების მიმართ შეურიგებელი ვართ, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით ფიქსირდება, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე, ჩემი განწყობაა, რომ მჭირდება უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო იმაზე, რაც სასამართლოსა და ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას ეხება.

თუ მორალური არჩევანია გასაკეთებელი, უნდა მიიღო. შთაბეჭდილება მრჩება, რომ უმრავლესობის დატოვებას ვაპირებ, მაგრამ ეს საკითხი ჩემს მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო. იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, რადგან მასთან მიმართებაში უღირსად მოიქცნენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პირველმა არხმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და შესაბამის განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.