გედევან ფოფხაძე - კოდექსში პოლიტიკური აფერისტობის მუხლი რომ იყოს, ადეკვატური იქნებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ
გედევან ფოფხაძე - კოდექსში პოლიტიკური აფერისტობის მუხლი რომ იყოს, ადეკვატური იქნებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ

ირაკლი ოქრუაშვილი თვითონ არის მონაწილე ისეთი მოვლენების, რაც რეალურად იყო სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენების მიმართ ხელისუფლება არის არაადეკვატური და პროცესი მთლიანობაში არასწორად მიდის.

„რაც შეეხება პერსონალურად ოქრუაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსში რომ იყოს მუხლი პოლიტიკური აფერისტობისთვის, ოქრუაშვილის მიმართ ადეკვატური იქნებოდა მისი პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით. მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და ამის სამართლებრივი საფუძველი, ჩემი აზრით, არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მგონია, რომ ხელისუფლება არ იქცევა ჯანმრთელად, როცა ოქრუაშვილის მიმართ იყენებს საპატიმრო გადაწყვეტილებას. თუ უნდათ ამ ადამიანის პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევა, სხვა საკითხია. ეს ძალიან ხელოვნურია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ 20 ივნისთან მიმართებით სამართლიანობა უნდა დადგინდეს, სამართლიანობა, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ხელისუფლებასთან და მათ პასუხისმგებლობასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მომიტინგეების ნაწილი არღვევდა კანონს, იქცეოდა არაადეკვატურად, მაგრამ ეს იყო იმ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგი, რაც გამოიჩინა ხელისუფლებამ მთელი დღის განმავლობაში გავრილოვის სპიკერის სავარძელზე დასმიდან დაწყებული“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ოქრუაშვილის დაკავებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან მიმართებით ოქრუაშვილის განცხადებები თვითონ შეიცავს კრიმინალს.

„თუ გავაანალიზებთ, თვითონ არის მონაწილე ისეთი მოვლენების, რაც რეალურად იყო სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იყო ქიბარ ხალვაშისთვის ამ პროცესის შექმნის თვალსაზრისით, მის მტკიცებულებებზე მნიშვნელოვანწილად დაეყრდნო ის სასამართლო, რომელიც შედგა ჯერ ეროვნულ დონეზე და მერე ევროსასამართლოს დონეზე. ოქრუაშვილი მაშინ იძლეოდა ჩვენებებს, რომელიც ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, როგორ ხდებოდა წართმევა და ზეწოლა მაშინდელ მეპატრონეებზე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ თუ ჩვენ ბოლომდე წავალთ ამ თემაში, ირაკლი ოქრუაშვილი რა თქმა უნდა არის „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრეებისთვის წართმევის თანამონაწილე“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დატოვე კომენტარი