„გაზპრომთან“ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მოლდოვამ ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ შეთანხმება პოლონურ კომპანიასთან გააფორმა
„გაზპრომთან“ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მოლდოვამ ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ შეთანხმება პოლონურ კომპანიასთან გააფორმა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოლდოვურმა კომპანია „ენერგოკომმა“ და პოლონურმა კომპანიამ PGNiG-მა ხელი მოაწერეს ერთი მილიონი კუბური მეტრი გაზის საცდელი შესყიდვის შესახებ კონტრაქტს.
მოლდოვის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეს მოლდოვის ისტორიაში ალტერნატიული წყაროდან ბუნებრივი აირის შეძენის პირველი შემთხვევაა.
ამასთან, მოლოდვის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ რუსულ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მთავრობამ გასულ კვირას ენერგოკრიზისის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი, რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომთან“ გაზის შესყიდვის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის უშედეგო დასრულება გახდა. როგორც მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ განმარტა, რუსული მხარე ზედმეტად მაღალ ფასს და დაგროვილი ვალის მოკლე ვადებში დაფარვას ითხოვს. მოგვიანებით, „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ მოლდოვაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეაჩერებენ, თუ ქვეყანა დავალიანებას სრულად არ დაფარავს და კონტრაქტს პირველ დეკემბრიდან არ გაახანგრძლივებს. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის, სერგეი კუპრიანოვის ცნობით, გადასახადის ვადაგადაცილების გათვალისწინებით, საუბარია 709 მილიონ დოლარზე.