გაზეთი „რეჩპოსპოლიტა“: პოლონეთი 2.5 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება

11:49, 19.11.2026
ბავშვები მიირთმევენ წვნიანს კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ღია ცის ქვეშ გამართულ DJ-წვეულებაზე, რომელიც 2026 წლის 1 თებერვალს, ელექტროენერგიისა და ცენტრალური გათბობის მასობრივი გათიშვის დროს, განწყობის ასამაღლებლად მოეწყო

ბავშვები მიირთმევენ წვნიანს კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ღია ცის ქვეშ გამართულ DJ-წვეულებაზე, რომელიც 2026 წლის 1 თებერვალს, ელექტროენერგიისა და ცენტრალური გათბობის მასობრივი გათიშვის დროს, განწყობის ასამაღლებლად მოეწყო

პოლონეთი ზამთარში უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადის მისაღებად ემზადება. გამოცემა „რეჩპოსპოლიტა“, ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თუ რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემა მწყობრიდან გამოვა, პოლონეთში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ, შესაძლოა, 2,5 მილიონს მიაღწიოს.

პოლონური გაზეთის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 სცენარს განიხილავს: ლტოლვილთა ნაკადის არარსებობას; მხოლოდ იმ ადამიანების ჩამოსვლას, ვისაც პოლონეთში ნათესავები ჰყავს და მასობრივ მიგრაციას. უწყება ბოლო სცენარს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ამისთვისაც ემზადება.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაცეი დუშჩიკი მიიჩნევს, რომ ყველაზე მოსალოდნელი სცენარი იმ უკრაინელების ჩასვლა, რომლებსაც ქვეყანაში ოჯახის წევრები ჰყავთ.

„უკვე ისმის ცალკეული კითხვები იმის შესახებ, რამდენად არის შესაძლებელი ზამთრის პერიოდში პოლონეთში თავშესაფრის მიღება“, – ციტირებს მის სიტყვებს „რეჩპოსპოლიტა“. დუშჩიკის შეფასებით, „ამჟამად მდგომარეობა საგანგაშო არ არის“.

გამოცემის ინფორმაციით, რეგიონების გუბერნატორებმა აღრიცხეს არსებული ინფრასტრუქტურა და რესურსები, სასაზღვრო დაცვა კი საზღვარს აკონტროლებს.

აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრის წარმომადგენელი, კშიშტოფ ნეჩიპორი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი უკრაინაში სრული ბლექაუტის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევაა. მისი თქმით, გათბობის, ელექტროენერგიის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემებზე დარტყმებმა, შესაძლოა, დიდ ქალაქებში ცხოვრება შეუძლებელი გახადოს.

გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი და სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, მაცეი კოროვაი აღნიშნავს, რომ უკრაინის ქალაქებიდან მოსახლეობის გადინებამ, შესაძლოა, ომის დასაწყისში დაფიქსირებულ ტალღასაც კი გადააჭარბოს. მისი შეფასებით, კიევიდან და ოდესიდან, სადაც ჯამში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პოლონეთში ჩამსვლელთა პოტენციური რაოდენობა 2.5 მილიონამდეა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთში გახსნილი ლტოლვილთა მიმღები პუნქტებისა და მასობრივი განთავსების ცენტრების უმეტესობა დახურულია. ამჟამად მხოლოდ ორი ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს – პშემიშლსა და ლუბლინში.

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტოს ავტორი: სერგეი სუპინსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

წყარო: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ და პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი, 2026 წელი, 12:30 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი