მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ახლობლის განცხადებით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ჯარიმა შეეფარდათ #1TVSPORT
აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ახლობლის განცხადებით, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს მოსამართლემ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.
ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.
მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.