„გავის“ ალიანსის პრესსპიკერი - „კოვაქსი“ ელოდება, რომ ვაქცინების დისტრიბუციის პირველი რაუნდი მარტში დაიწყება
„გავის“ ალიანსის პრესსპიკერი - „კოვაქსი“ ელოდება, რომ ვაქცინების დისტრიბუციის პირველი რაუნდი მარტში დაიწყება

„კოვაქსი“ მოელის, რომ ვაქცინების დისტრიბუციის პირველი რაუნდი მარტში დაიწყება, – ამის შესახებ „გავის“ პრესსპიკერი საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში საუბრობს.

„კოვაქსი“ მოელის, რომ პირველი რაუნდის ფარგლებში ვაქცინების ძირითადი ნაწილის მიწოდება მარტში დაიწყება. „კოვაქსის“ მექანიზმის ზოგიერთი მონაწილე, რომელსაც უკვე დაკმაყოფილებული აქვს „გავის“ და „კოვაქსის“ ერთობლივ განცხადებაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები, ვაქცინებს, რაც შეიძლება მალე მიიღებენ“,  – ნათვქმია გავის პრესსპიკერის ოფიციალურ წერილში.

კრიტერიუმები, რომელზეც „გავის“ პრესსპიკერი საუბრობს, მოიცავს შემდეგს:

1. ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს ეროვნული მარეგულირებლების მიერ გაცემული ნებართვა იმ ვაქცინების გამოყენებაზე, რომლის დისტრიბუციაც „კოვაქსის“ საშუალებით ხდება, ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება სპეციალური ნებართვის გაცემის გზით.

2. კოვაქსის ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი კონტრაქტს ვაქცინების მწარმოებელთან ზარალის ანზღაურების შესახებ, რათა „კოვაქსის“ საშუალებით მიიღონ ვაქცინის დოზები. „კოვაქსი“ ეხმარება მექანიზმის მონაწილეებს ამ კონტრაქტების გაფორმების პროცესის გაიოლებაში. „კოვაქსი“ მხარს უჭერს პროექტის იმ მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ უფლება, გამოიყენონ „გავისა“ და „კოვაქსის“ მიერ შექმნილი ინოვაციური ფინანსური მექანიზმი AMC (Advance Market Commitment), მოლაპარაკებებში ამ ქვეყნების სახელით მონაწილეობისა და ზარალის ანაზღაურების შესახებ ტიპური შეთანხმების გაფორმების გზით. ეს იძლევა დროის და რესურსების დაზოგვას. ამავე დროს ქმნის გასაჩივრების გარეშე კომპენსაციის მექანიზმს და ფონდს.

3. AMC (Advance Market Commitment) მექანიზმის მოსარგებელ ქვეყნებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა „კოვიდ-19“-ის პარტნიორების პლატფორმის საშუალებით, რომელიც „კოვაქსმა“ უნდა განიხილოს და დაადასტუროს.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინების პირველი რაუნდის მიწოდებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო მექანიზმ „კოვაქსის“ მონაწილე ქვეყნებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ინტერნეტშიც.

ამავე წერილში „გავის“ პრესსპიკერი აცხადებს, რომ თებერვლის დასაწყისში მათ უკვე გამოაქვეყნეს ვაქცინების დისტრიბუციის პროგნოზის შემცველი დოკუმენტი.