გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის „სან ხუანის“ ეკიპაჟის 44 წევრი გარდაცვლილად გამოაცხადეს
გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის „სან ხუანის“ ეკიპაჟის 44 წევრი გარდაცვლილად გამოაცხადეს
არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის „სან ხუანის“ ეკიპაჟის 44 წევრი გარდაცვლილად გამოაცხადა.
 
როგორც არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, სამძებრო ოპერაცია შეწყვეტილია.
 
სამძებრო ოპერაციის გაგრძელებას ითხოვენ დაკარგული მეზღვაურების ოჯახის წევრები. როგორც ტელეკომპანია La Nacion Mas-ის ეთერში, ერთ-ერთი მეზღვაურის მამამ განაცხადა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მთავარსარდალმა, ანუ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
 
წყალქვეშა ნავი „სან-ხუანი“ 15 ნოემბერს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიკარგა. ის უშუაიას პორტიდან მარ-დელ-პლატაში მიემგზავრებოდა. გაუჩინარებამდე ნავი პატაგონიის სანაპიროდან დაახლოებით 400 კილომეტრში იმყოფებოდა. არგენტინული მედია წერს, რომ წყალქვეშა ნავთან კავშირის გაწყვეტამდე, ეკიპაჟი ელექტრომომარაგების სისტემასთან დაკავშირებით პრობლემის შესახებ იტყობინებოდა.
 
19 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალქვეშა ნავიდან ხმელეთთან სატელეფონო კონტაქტის დამყარება სცადეს. თუმცა ოთხი დღის შემდეგ არგენტინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რაიონში, სადაც სავარაუდოდ „სან-ხუანი“ იმყოფებოდა, აფეთქების მსგავსი ხმა დააფიქსირეს.
 
„სან ხუანი“ გერმანიაშია აგებული. ის არგენტინის სამხედრო საზღვაო ძალების შემადგენლობაში 1985 წლიდანაა.