გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინა-რუმინეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირება შეჩერდა
გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინა-რუმინეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირება შეჩერდა. უკრაინული მედიის ცნობით, ორლოვკის საგუშაგო პუნქტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, დრონებით მოხდა.
უკრაინის იზმაილის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის განცხადებით, იერიშის გამო გამშვები პუნქტის ფუნქციონირება ამ დროისთვის შეჩერებულია და მისი აღდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს ამ კვირაში რუსეთის მიერ განხორციელებული მეორე თავდასხმაა, რის შედეგადაც ორლოვკის საგუშაგოს ფუნქციონირება შეჩერდა.
პირველი სექტემბრის ღამეს რუსული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე ორლოვკის საერთაშორისო საბორნე გადასასვლელ პუნქტს თავს დაესხნენ, რის გამოც მისი ფუნქციონირება დროებით შეწყდა.