გარეტ უორდი - დღეს, როცა საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს დემოკრატიულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება
გარეტ უორდი - დღეს, როცა საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს დემოკრატიულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება

დღეს, როცა საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს დემოკრატიულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც გარეტ უორდი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ საქართველომ განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან საერთო ღირებულების დასაცავად.

„ამ მნიშვნელოვან დღეს მე ვდგავარ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ისტორიული შენობის წინ, სადაც 1918 წლის 26 მაისს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. სწორედ ამ შენობაში გამოცხადდა საქართველო დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად. ამავე შენობაში მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ჩემი წინამორბედი, ბრიტანეთის პირველი წარმომადგენელი თბილისში სერ ოლივერ უორდროპი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოკვეთილი მხარდამჭერი იყო. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირმა საქართველოს დააკარგვინა სუვერენიტეტი, თუმცა თავისუფლებისკენ სწრაფვა საბჭოთა რეპრესიებზე ძლიერი აღმოჩნდა. დღეს, როცა საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს დემოკრატიულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება რუსეთის მხრიდან არსებული ახალი საფრთხეების ფონზე.

ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში აუცილებელია, რომ საქართველომ განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან საერთო ღირებულების დასაცავად. მისმა უდიდებულესობამ მეფემ მთხოვა, გადმომეცა შემდეგი გზავნილი. დღეს ქართველი ხალხი აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი უდიდებულესობა მეფე და მისი უდიდებულესობა დედოფალი სითბოთი ულოცავენ საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მისი უდიდებულესობები მიესალმებიან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის, ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას და მომდევნო წლისთვის ქართველ ხალხს საუკეთესო სურვილებს უთვლიან. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა გარეტ უორდმა.