გარეტ ბეილი კარიერას დაასრულებს, თუ უელსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გარემარბის გარეტ ბეილის მომავალი კარიერა უელსის ნაკრების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
გამოცემა The Athletic-ის მონაცემებით, მადრიდულ კლუბსა და 32 წლის ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის შესახებ არ მიმდინარეობს. მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში სრულდება. ვარაუდობენ, რომ ბეილი დარჩება „რეალში“ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.
ბეილის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ითამაშებს უელსის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის პლეი ოფში. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში უელსის მეტოქე ავსტრიის ნაკრები იქნება.
თუ უელსის ნაკრები გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბეილი ზაფხულში ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს, რათა მოემზადოს ტურნირისთვის, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბეილი ტოპ-დონის გუნდში გადავა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უელსი ვერ გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბეილმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს. ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი ფინანსურად უზრუნველყოფილია.
გარეტ ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ – ლა ლიგა.