გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გამოვლენილი ფაქტებიდან 111 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტია.

„სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სხვადასხვა რეგიონში არაერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი – 34 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, იმერეთში გამოვლენილია 29 სამართალდარღვევა, აჭარაში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, გურიაში – 11, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 10, შიდა ქართლშიც – 10, მცხეთა-მთიანეთში – 9, ქვემო ქართლში  – 6. ჯამში ამოღებულია 185 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია ორი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ათ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1 380 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 54 უკანონო სახერხი საამქრო.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.