გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის ხუთი ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
სოფლების ვარდისუბნის, ნაფარეულის, მსხალგორის, ჰერეთისკარისა და ხევისჭალას მიმდებარედ მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მათი ნაწილი უკანონოდ გადაამუშავეს და რიგ შემთხვევაში, მიღებული ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია 2 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, 2026 წლის 10 თვეში, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 204 ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.