გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები ოთხი ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას – გაეჩერებინათ ავტომანქანა, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანის დევნა განახორციელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ თანამშრომელს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს ეკიპაჟის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მოქალაქე დაკავებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს განესაზღვრა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შსს-ს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში.