გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებაზე პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებაზე პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ მოსახლეობას წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებაზე პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

როგორც დეპარტამენტი აცხადებს, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ღიად და ზოგ შემთხვევაში – ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები იყო განთავსებული. მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.