გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, სტიქია მესტიაში მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, სტიქია მესტიაში მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

უწყების ცნობით, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიური დნობამ, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდინარე მესტიაჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა (მოვარდნილი ტალღის დონე მდინარე მესტიაჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა). წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მოვლენა განმეორდა სამჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 07:00 საათი, მეორე – 14 :00 საათი და მესამე ტალღა 19:00 საათზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სააგენტოს სპეციალისტები ჯგუფი მესტიაჭალას ხეობაში იმყოფებიან, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით, აღინიშნება მდინარე მესტიაჭალას წყლის დონის კლება.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივლისს უწყებაში მომზადდა და გავრცელდა გაფრთხილება 24 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი ნალექების, პატარა მდინარეებზე შესაძლო წყალმოვარდნების და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესახებ.

სინოპტიკოსების განმარტებით, 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა, 19:00 საათიდან კი, გამოიდარებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას გააცნობს საზოგადოებას“, – აცხადებენ უწყებაში.