გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება
გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.

22 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე და ქ. ბათუმში – 1.6-ჯერ, თბილისში ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.9-ჯერ, თბილისში „ილიას ბაღში“ – 2.3-ჯერ, ქ. რუსთავში – 3.2-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისში – 1.1-ჯერ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს უწყვეტ მონიტორინგს და ინფორმაციას ყოველკვირეულად აცნობებს საზოგადოებას.