გარემოს ეროვნული სააგენტო - ქვედა „ნამახვანჰესის“ წყალსაცავისა და ლაჯანურის ხეობის ფერდობებზე განვითარებული მეწყრული პროცესების ურთიერთზეგავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია
გარემოს ეროვნული სააგენტო - ქვედა „ნამახვანჰესის“ წყალსაცავისა და ლაჯანურის ხეობის ფერდობებზე განვითარებული მეწყრული პროცესების ურთიერთზეგავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე რიონის ხეობაში დაგეგმილ ქვედა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან და არც მომავალში იკვეთება რაიმე შესაძლო ზემოქმედება ქვედა „ნამახვანის ჰესის“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

„აღსანიშნავია, რომ მეწყრული პროცესი მდ. რიონის მარჯვენა შენაკადის მდ. ლაჯანურის ხეობის მარცხენა ფერდობზე განვითარდა. მისი გავრცელების არეალი ქვედა ნ„ამახვანის ჰესის“ საპროექტო წყალსაცავის დაბოლოებიდან, პირდაპირი მანძილით, დაშორებულია დაახლოებით 15 კილომეტრით, ხოლო კაშხლიდან დაახლოებით 24 კილომეტრით. ამასთანავე, ლაილაშის მეწყრული სხეული და მიმდებარე ტერიტორია, ლაბეჭინას ქედით მორფოლოგიურად მკვეთრად არის გამოყოფილი მდ. რიონის ხეობის იმ არეალისგან, სადაც დაგეგმილია ქვედა „ნამახვანის ჰესის“ მშენებლობა. ეს ორი ზონა, როგორც გეოლოგიური, ისე მორფოლოგიური პირობებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, ქვედა „ნამახვანის ჰესის“ წყალსაცავის და მდ. ლაჯანურის ხეობის ფერდობებზე განვითარებული მეწყრული პროცესების ურთიერთზეგავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 24 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურება გამოიწვია. ჩამოშლილმა მეწყრულმა მასამ დააზიანა საავტომობილო გზა და ათი ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.