გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობას და მეწარმეებს შეხვდნენ  
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობას და მეწარმეებს შეხვდნენ  

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობამ და მეწარმეებმა მესტიის მუნიციპალიტეტში  ხე-ტყის  მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს შექმნილი პრობლემების  შესახებ ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალურად გამოიყენოს პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამ რეგიონს, როგორც ხე-ტყის მოპოვების, ისე სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ  უნდა შევძლოთ ტყის რესურსების მდგრადი მართვა, ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა“, -განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე, სახერხი  საამქროების მფლობელებსა და მოსახლეობას “საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის(მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტების (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები და მათი ამოქმედების ვადები გააცნეს.