გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე – ოთარ შამუგიამ შეცვალა.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლევან დავითაშვილი კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება ამ დარგს.

„ოთარ შამუგია არის დევნილი სოხუმიდან. დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში, და რომ იტყვიან, თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობ ეკონომიკურ გუნდთან, უახლოეს დღეებში და კვირების განმავლობაში საზოგადოებას ბევრ სიახლეს წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მსახურობდა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ამავდროულად, ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მსახურობს, რომელიც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.