პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა თბილისში ჰაერის დაბინძურების წყაროებზე ანგარიში მოამზადა
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა თბილისში ჰაერის დაბინძურების წყაროებზე ანგარიში მოამზადა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ანგარიში 6 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დეპუტატ კახა კუჭავას კომიტეტმა პირველი თემატური მოკვლევა გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაცია და საკითხისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარს, ანგარიში აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს – ტრანსპორტი, მშენებლობა, ბუნებრივი მტვერი, საბურავები, აზბესტის შემცველი ხუნდები და სხვ. აფასებს სამართლებრივი რეგულირების სისტემას და ავლენს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობას.

ამასთან, კომიტეტი განიხილავს ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას.

გარდა ამისა, ანგარიშში მთავრობის სამოქმედო გეგმა და უკვე განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაც არის შეფასებული და კონკრეტული რეკომენდაციებია მოცემული.