გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ორი კანონპროექტი განიხილა. სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ, ნანა ზამთარაძემ წარადგინა პროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს შეეხება, რომლებიც  წიაღით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს განსაზღვრავს.

პროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირი გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით  წიაღით სარგებლობისათვის დაჯარიმდება 2000 ლარით, ნაცვლად აქამდე არსებული 500 ლარისა.

კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, არჩილ ადამიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის, ასევე გამოსწორდება კოდექსში არსებული ხარვეზები.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ იმავე ქმედებისთვის მძღოლი – 300 ლარით, ხოლო პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ 600 ლარით დაჯარიმდება.​

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ ცვლილებებს.