"გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
"გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვითი ღონისძიებების დაფინანსება ცალკე პროგრამული კოდებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები – “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში შედის.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ დაუშვებელია წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნების ჯამური ოდენობის შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნების ჯამურ ოდენობასთან შედარებით.

“ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ” 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისას, გარემოს დაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებული პროგრამული კოდების ასიგნები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში უნდა გაიზარდოს არანაკლებ წინა წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნების ხუთი პროცენტით”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერით არსებობს იმის გარანტია, რომ გარემოს დაცვის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები არ იქნება.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია, რის გამოც მთავრობამ კანონმდებლობაში აღნიშნული გარანტიების ჩაწერის გადაწყვეტილება მიიღო.